გირჩის ულტიმატუმი მთავრობას და პარლამენტს
პოლიტიკა
"გირჩი" მთავრობას და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი" მთავარი სლოგანია "მეტი თავისუფლება". "გირჩის" შექმნის აზრი თავიდანვე იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. თავისუფლებისთვის ბრძოლა იწყება იმით, იყო შენი სხეულის ბატონ-პატრონი და განკარგო ის, როგორც გსურს. ამ უფლების გარეშე არ არსებობს სხვა უფლება. ვიბრძვით ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. გამოვიყენეთ ყველა ბერკეტი, რომ შეგვეცვალა ნარკოპოლიტიკა და პატარა ნაბიჯი მაინც გადაგვედგა წინ, მაგრამ უშედეგოდ. წავაწყდით უმრავლესობის სურვილს, შეენარჩუნებინათ მავნებლური პრაქტიკა. კანონმდებლობამ ასობით ათას ადამიანს გაუმწარა ცხოვრება, ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიწირა ორი მოქალაქის სიცოცხლე. სახელმწიფო და ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოების აზრით. გვინდა, საზოგადოებას ავუხსნათ და ვანახოთ, კონკრეტულად რა სიკეთე მოაქვს თავისუფლებას. მოვითხოვთ, მთავრობამ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოკანონმდებლობა, მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს ლეგალიზებული და მარიხუანის კულტივირება-შენახვა პირადი მოხმარებისთვის იყოს ლეგალიზებული. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, "გირჩის" ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად, დავრგავთ მარიხუანას. გვესმის, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 6-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა", განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





