გიორგი ვოლსკი აბუ-დაბიში საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე: აზიისა და ევროპის კავშირი არის ხვალინდელი დღე და ამ ნაწილში საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, საქართველოს რესურსს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხვალინდელი დღე არის ევროპისა და აზიის კავშირი და ამ მხრივ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს წარმოჩინება თავისი დადებითი პოტენციალით, იმ ტენდენციებით, რომელიც ახასიათებს ქვეყანას, არ არის ლიტონი სიტყვები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტული პოლიტიკური დაპირისპირებების დროს გაისმის ხოლმე, არამედ კონკრეტულ ციფრებზე დაყრდნობილი პოზიცია, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა. რას წარმოადგენს საქართველო გეოგრაფიულად, რა მნიშვნელობა აქვს დერეფანს, ეს ყველამ კარგად იცის. ამ საკითხებთან მიმართებაში საკამათოც წესით არაფერი უნდა იყოს.
ჩვენთან ჩამოყალიბდა ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს გადარჩენისათვის, არა მარტო განვითარებისათვის, არამედ გადარჩენისათვის აუცილებელია და ინვესტიციები ამასთან დაკავშირებით არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. თუკი ჩვენ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატომ მიიწვიეს საქართველოს მთავრობა ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ფორუმზე. სწორედაც ეს არის ხვალინდელი დღე - აზიისა და ევროპის კავშირი და სწორედ ამ ნაწილში საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, საქართველოს რესურსს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. დავამატებდი იმას, რომ მეხუთე კოლონაზე ვსაუბრობდი და მრავალფეროვანი გახდა ეს მეხუთე კოლონა. არის ე.წ. ვითომ ფსევდო ლიბერალები, რომლებიც ვითომ ევროპულ სტანდარტს იცავენ და არიან კიდევ ვითომ ჩვენზე მეტად კონსერვატორები, რომლებიც დემოგრაფიის თუ „არაბიზაციის“ თუ მეჩეთების თემაზე საუბრობენ. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ყველა გამოწვევას აქვს თავისი საკანონმდებლო პასუხი ხელისუფლების მხრიდან. ახლა ბევრია კიდევ მიღებული ბოლო პერიოდში მოქალაქეობის თაობაზე, ცხოვრების უფლების თაობაზე, ბიზნესის კეთების თაობაზე და კიდევ თებერვალში, საკმაოდ საინტერესო კანონპროექტები წარმოდგება ამასთან დაკავშირებით. დაცვა სუვერენიტეტის, დაცვა ჩვენი ფასეულობების რა საკვირველია საგანგებო მნიშვნელობის თემაა, მაგრამ არ არის ინვესტიცია, არ არის საქართველოთი დაინტერესება, არ არის მომავალი - არც სამუშაო ადგილები და არც არა თუ ეკონომიკური ზრდა, არამედ ნგრევაა გარანტირებული, თუკი ჩვენ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





