პაატა სალია: არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად, დღეს ამას ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია
პოლიტიკა

პაატა სალია
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად, დღეს ამას ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია.
„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო მასთან. შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის და მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი არის უზენაესი თითოეული მოქალაქისთვის. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად, დღეს ამას ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.





