ია დარახველიძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ჩემი კადრების ფორმას ჰქვია პროტესტის ფორმა. არავის ვუწევ წინააღმდეგობას, უბრალოდ შეიძლება ნაგვის ყუთს ხელს ვკიდებ
პოლიტიკა

ია დარახველიძე
ფოტო: IMEDI/კადრი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთი ბრალდებულია ია დარახველიძე ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია ძალადობას და მისი ქმედება იყო მხოლოდ პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
„ჩემი კადრების ფორმას ჰქვია პროტესტის ფორმა. ეს არ არის არც ძალადობა, არც მოწოდება. არავის ვუწევ წინააღმდეგობას, უბრალოდ შეიძლება ნაგვის ყუთს ხელს ვკიდებ“, - განუცხადა დარახველიძემ ჟურნალისტებს.
„ბრალდებულები სხედან საბრალდებო სკამზე, მათ მიმართ გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანას, რომ ან შედიან [პრეზიდენტის სასახლის ეზოში] და ცდილობენ სასახლეში შეჭრას, ან ზოგიერთი ცდილობს ღობის დაზიანებას, აზიანებს ღობეს და ზოგიერთი ნივთებს ისვრის. ყველა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ეს პირები ერთიანად მოქმედებენ, ერთი საერთო მიზნიდან გამომდინარე და მოწოდების შემდეგ მოქმედებს ყველა“, - აღნიშნა პროკურორმა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.





