ეკა სეფაშვილი: რომელსაც გვთხოვენ, ის პოლიტიკა რომ განვახორციელოთ, ევროპაში წასვლაც და ვიზალიბერალიზაციაც გვერდით დაგვრჩება, ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება საქართველო
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რომელსაც გვთხოვენ, ის პოლიტიკა რომ განვახორციელოთ, ევროპაში წასვლაც და ვიზალიბერალიზაციაც გვერდით დაგვრჩება, ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება საქართველო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას.
მან ისაუბრა, თუ რა მიზანი აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოზე პედალირებას და როგორია რადიკალების როლი ამ საქმეში.
„საქართველოზე პედალირება იმიტომ ხდება, რომ სურთ, გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობის გაბრაზება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა დაამხონ ხელისუფლება.
ესენი არიან პირდაპირი აგენტები. მე მათ რადიკალებს ვერ ვუწოდებ. ესენი არიან პირდაპირი დავალებით მოქმედი აგენტები და ხედავენ, რომ მათმა პოლიტიკამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ვგულისხმობ იმას, რომ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ; „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად შერაცხეს; პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, არჩევნებში ვისთვის მიეცათ ხმა; უხეშად ერეოდნენ საშინაო პოლიტიკაში; სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ და ასე შემდეგ. ასეთი უხეში მეთოდების მიუხედავად, მაინც ვერ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში. ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობენ, ეს გამოიწვიონ.
ვიზალიბერალიზაციაც მათთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ამასთან დაკავშირებით იმიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებსა და ანგარიშებს, რომ ამით ხალხს ეუბნებიან - იცით, ჩვენ იმიტომ შეგიჩერებთ ვიზა-ლიბერალიზაციას, რომ ეს არის თქვენი მთავრობის ბრალი, რადგან ესა და ეს პოლიტიკა კარგად ვერ განახორციელა. მაგრამ, რეალობას რომ შევხედოთ და ხალხი ძალიან კარგად ინფორმირებულია და საკმაოდ საღად აზროვნებს იმისთვის, რომ მიხვდეს - რომელსაც გვთხოვენ, ის პოლიტიკა რომ განვახორციელოთ, ევროპაში წასვლაც და ვიზალიბერალიზაციაც გვერდით დაგვრჩება, ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება საქართველო. პირველ რიგში ვგულისხმობ, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საბოლოო ჯამში, მშვიდობის პრობლემას. აღარავის გაახსენდება აღარც ვიზა და აღარც - ევროპაში მოგზაურობა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისია ანგარიში გამოაქვეყნა.




