შალვა პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, სიტყვით გააკეთოს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში 1921 წელს, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა კაია კალასის განცხადებას, რომ ის „მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას“.
„ასე შემოვიდა ხიშტით წითელი არმია საქართველოში და ასე გაგვიუქმა სუვერენიტეტი, ვინაიდან თქვა, რომ არა ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, არამედ მე ვისაც მინდა, იმას დავარქმევ ხალხს, ამას ავიღებ საბაბად, შემოვალ და შენს სუვერენიტეტს გავაუქმებ ხიშტით.
ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. [ცდილობს] მან, შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და მისი ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო.
ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? - ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაია კალასისგან რეალობას მოწყვეტილი აზრები ისმის.
„ეს სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ზუსტად ეს არის, რასაც თეთრ სახლში ეძახიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“, როდესაც ევროპული დიპლომატია არის ჩანაცვლებული თავქარიანი აქტივიზმით, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი.
მათ შორის, უკრაინის ომი არ იქნებოდა და თავიდან იქნებოდა აცილებული, ევროპას რომ სათანადო პოლიტიკური სიმწიფე გამოეჩინა. მაგრამ მათი, ზოგადად დასავლეთის თავქარიანი აქტივიზმიდან გამომდინარე გახდა ეს ომი შესაძლებელი. არ იქნებოდა ეს ომი, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლიანი, ძლიერი, მკაფიო პოლიტიკა ევროპის და დასავლეთის მხრიდან”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენმა კაია კალასმა გუშინ განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.“





