რევაზ სოხაძე: კომპანიები მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოეგოთ ტენდერი და მიეღოთ ავანსი, ტენდერზე დაბალ ფასს დებდნენ. მომავალში ტენდერში ისეთი ინსტრუმენტები იქნება ჩადებული, რომ დავიზღვიოთ თავი უპასუხისმგებლო კომპანიებისგან
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მომავალში ტენდერში ისეთი ინსტრუმენტები იქნება ჩადებული, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი უპასუხისმგებლო კომპანიებისგან და ქმედებებისგან. ამ მიმართულებით ნამდვილად შეურიგებლები ვიქნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
წამყვანმა მას ე.წ. შავ და თეთრ სიებზე ჰკითხა და იმაზე, რა რისკებს დააზღვევს ე.წ თეთრი სია, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანია კონკრეტულ პროექტს შუა გზაზე ტოვებდა.
„ვადაგადაცილებული პროექტების ძირითადი მიზეზი იყო ავანსის უსისტემოდ და ყოველგვარი წესის გარეშე გაცემა, რასაც ხელს უწყობდა ე.წ. თეთრი სია. კომპანიები მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოეგოთ ტენდერი და მიეღოთ ეს ავანსი, ტენდერზე დაბალ ფასს დებდნენ. მათი საბოლოო მიზანი ის კი არ იყო, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ, მათი მიზანი იყო მხოლოდ ტენდერი მოეგოთ და მიეღოთ ავანსი. ყველა კომპანიაზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა. აბსოლუტურად სამართლიანი გულისწყრომა აქვს მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ წლებია ვერ აშენდა სკოლა, ბაღი, დაიგვიანა წყლის პროექტმა, გაჭიანურებულია გზის მშენებლობა. ჩვენ ამას ვეღარ დავუშვებთ. მომავალში ტენდერში ისეთი ინსტრუმენტები იქნება ჩადებული, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი უპასუხისმგებლო კომპანიებისგან და ქმედებებისგან. ამ მიმართულებით ნამდვილად შეურიგებლები ვიქნებით“, - აღნიშნა სოხაძემ.




