მარიამ ლაშხი: განათლების რეფორმა არის ფუნდამენტური და ძირეულად შეცვლის პრინციპებს, სწორედ ამაზე ხდება იმათი მხრიდან შეტევა, მანიპულაცია, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებას
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
განათლების რეფორმით ჩვენს ქვეყანაში ძირეულად იცვლება არა მხოლოდ განათლება, არამედ გარემო, რომელზეც იქნება დამყარებული ჩვენი სოციალური თუ ეკონომიკური განვითარება და იმის გამო, რომ ეს რეფორმა არის ფუნდამენტური და ძირეულად შეცვლის ამ პრინციპებს, სწორედ ამაზე ხდება იმათი მხრიდან შეტევა, მანიპულაცია, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებას, - განაცხადა მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების რეფორმა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.
„რეფორმას დიდხნიანი ისტორია და კვლევა უდევს საფუძვლად. სანამ რეფორმის კონცეფცია შედგებოდა კონსულტაციები იყო როგორც რექტორებთან, რექტორთა საბჭოს ფორმატებში და სხვა ფორმატებშიც, უშუალოდ როგორც კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ასევე საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რომ კანონი მიღებულია და კონცეფცია არის წარმოდგენილი. ახლა უფრო მთავარი არის აღსრულების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მთავარია, რომ აღსრულება იყოს ზუსტად და სწორად წარმართული. პირდაპირ კალენდარია გაკეთებული ყოველკვირეული და ყოველდღიური შეხვედრებისა, რომელსაც ვგეგმავთ რექტორებთან, ფაკულტეტის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან“, - აღნიშნა ლაშხმა.





