მე, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ვარ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე - გიტანას ნაუსედასა და კაია კალასის განცხადებები საქართველოზე
პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა კაია კალასი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ლიეტუვის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ - კაია კალასი და გიტანას ნაუსედა აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, მაგრამ იქამდე სანამ მათი მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ არ ვაპირებთ კანდიდატობიდან უფრო შორს წასვლას“, - განაცხადა კალასმა.
გიტანას ნაუსედა კი აცხადებს: „სამწუხაროდ, რაც ხდება საქართველოში, არ არის ევროპული გაგებით დემოკრატია და დემოკრატიული წესები. მე, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ვარ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩემს ქვეყანაში ქართველების მიმართ დიდი ემპათიაა. იმის მიუხედავად, რომ ლიეტუვა საქართველოდან შორსაა, ჩვენ გვაქვს ახლო კავშირები საქართველოსთან - ისტორიული, ტრადიციული კავშირები. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ მოდის ახლოს ევროკავშირთან და ევროპისგან დისტანცირებას აკეთებს. მანამდე ვიდრე ისინი გააანალიზებენ, რომ დემოკრატიის წესებს, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას დაცვა, პატივისცემა სჭირდება, სიტუაცია რთული იქნება და გულდასაწყვეტი არამარტო ხალხისთვის, რომელიც ელოდება ქვეყნის პროგრესს“.
საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს ლატვიის პრემიერი ევიკა სილინიაც.
„პოლიტიკოსები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ ძალა ნებისმიერ ქვეყანაში ეკუთვნის ხალხს, სულ მცირე, ევროპაში ასეა და საქართველო ევროპაა. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს იმედი. ჩვენ ყველამ გავიარეთ ეს გზა, საქართველომაც საბჭოთა პერიოდში და გავხდით თავისუფალი, რადგან ხალხმა ასე გადაწყვიტა. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გადაწყვეტს ხალხის ნაცვლად ვერაფერს. თუ საზოგადოება იქნება ძლიერი, შეინარჩუნებს იმედს და ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის მიმართ ორიენტირს, მაშინ თქვენ გაიმარჯვებთ. მე ამის მჯერა", - განაცხადა ევიკა სილინიამ.





