რა განცხადებები გააკეთეს ევრობიუროკრატებმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე
პოლიტიკა

ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე დებატები შედგა.
ევროპარლამენტართა გამოსვლების დროს ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც კრიტიკული, ასევე მხარდამჭერი განცხადებებიც.
ევროკომისრის მაიკლ მაკგრატის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ აქციების დროს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. „კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ. ისინი საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიების ინიციატივით უნდა გამოვიდნენ“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარი მალიკ აზმანი კი მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეალური წნეხი, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებელი გათავისუფლება და დაელოდოს ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არც ერთი მიზეზი. არც ერთი დაგვიანება“.
ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ აღნიშნა, რომ პატიმრობაში იმყოფებიან ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი. „ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც იბრძოდნენ დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის“, - განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.





