საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას, რომელიც ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობის დაფინანსებას ეხება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი) N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა, ცვლილება გამოწვეულია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაწესებული სესხის ხარჯვის პროპორციის ცვლილებით.
კერძოდ, პროექტის დაფინანსებაში აზიის განვითარების ბანკის წილი 65,6%-დან 82%-მდე იზრდება და აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დარჩენილ სამუშაოებს შეეხება.
მისივე თქმით, სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება.
სესხის ხანგრძლივობა 26 წელია (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი - 11 წელი), საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი EURIBOR + 0.7%; ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0,15%.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის მოცულობა 370,238,000 ევროა.





