ვლადიმერ ბოჟაძე: ყველა ის საშუალება, რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა აქციის დროს, იყო ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით და რომლებსაც იყენებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფილმი ბოლომდე არც იყო ეთერში გასული, როდესაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ უილსონის, რასა იუკნევიჩიენეს და ცნობილი ევროპარლამენტარების თუ სხვადასხვა თანამდებობის პირების კომენტარები, რომლებიც მანამდეც გამოირჩეოდნენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრობით, რათა კიდევ ერთხელ შელახულიყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ BBC-ის ფილმზე საუბრისას.
მან აქციებზე გამოყენებულ საშუალებებზეც ისაუბრა.
„ყველა ის საშუალება, რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა აქციის დროს, იყო ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებული საერთაშორისო კანონმდებლობით, რომლებსაც იყენებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ევროკავშირის სხვა ქვეყნები და აშშ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არის“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





