ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სინამდვილეში უკრაინის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს რა მიზნები ამოძრავებს
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის, ღიად თუ ფარულად, ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სინამდვილეში უკრაინის სპეცსამსახურებსა და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს რა მიზნები ამოძრავებს, კერძოდ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა BBC-ის ფილმის ერთ-ერთ რესპონდენტზე, ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ადრე თუ გვიან გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, რომ შერგელაშვილთან დაკავშირებითაც შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები ჩაატაროს. ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გადამალულ იარაღს ეხებოდა, აღნიშნა, რომ თუ გადატრიალების მცდელობა სათანადოდ განვითარდებოდა, „ეს იარაღიც, ალბათ სადღაც გამოჩნდებოდა“. დეპუტატმა განმარტა, რომ გამოძიების მიერ იარაღის საკითხთან დადასტურებულად დაკავშირებულია სწორედ შერგელაშვილი.
მან ისაუბრა ასევე BBC-ის ფილმის სხვა რესპონდენტზე, ექიმთა ჯგუფზეც, რომელთა ნაწილიც მიხეილ სააკაშვილზე აცხადებდა, რომ იგი მოწამლული იყო.
„ახლაც აღმოჩნდა, რომ თურმე, ისინი სპეკულირებდნენ, ვითომდა მათი ჩატარებული კვლევებით და ამის საფუძველზე ხდებოდა BBC-ის მხრიდან ეს შეთითხნილი ბრალდებების რეჟისურება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა გამოძიება გაგრძელდება. ამ შემთხვევაში მე ვხედავ მათ მორალურ სახეს, მაგრამ სამართლებრივად რა და როგორ იქნება, ამაზე მე უფრო შორს ვერ წავალ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, მათი წვლილი ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის საზიანო საქმეში რამდენად დიდია და რა სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





