საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი.
ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





