ლევან მახაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს სადაც შესაძლებლობა აქვს ისე, რომ თავად კონფლიქტში არ გაეხვეს, რა თქმა უნდა, ყველგან, ყველა პლატფორმაზე ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას
პოლიტიკა

ლვან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სადაც შეუძლია, მიუწვდება ხელი, ამის შესაძლებლობა აქვს ისე, რომ თავად კონფლიქტში არ გაეხვეს, რა თქმა უნდა, ყველგან, ყველა პლატფორმაზე ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინას საქართველოს სრული პოლიტიკურ დიპლომატიური მხარდაჭერა ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა და დასანანია, როდესაც უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან საპირისპირო შინაარსის განცხადებები ისმის.
„ომის პირველივე დღიდან უკრაინას საქართველოს მხრიდან სრული პოლიტიკურ დიპლომატიური მხარდაჭერა ჰქონდა. ყველაფერი დანარჩენი ტყუილების კორიანტელი და საქართველოსადმი თავიანთი რადიკალური პოლიტიკის გამართლებაა. დასანანია, როდესაც ვხედავთ ხოლმე, მათ შორის უკრაინელების მხრიდან ისეთი ტიპის ცრუ განცხადებებს, რომ თითქოს, საქართველო უკრაინას არ ეხმარება. პირიქით, საქართველო იმაზე მეტად ეხმარება უკრაინას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე, ვიდრე ეს ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას შეუძლია”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.




