გურამ მაჭარაშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და ავრცელებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
BBC გახდა გლობალური ომის პარტიის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო ცილისმწამებლურ კამპანიაში მონაწილეობს, მოუწევს პასუხისგება.
„ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში BBC გახდა გლობალური ომის პარტიის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს ამაზე პასუხისგება. ახლა მიხვდნენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ აცდებიან და ახლა თქვეს, რომ საკითხი ბოლომდე არ გამოუკვლევიათ. ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და ავრცელებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





