გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
პოლიტიკა
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მანამდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ტრაილერების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





