ლევან მაჭავარიანი: უკრაინის სპეცსამსახურებმა სპეკულაციის ველი დატოვეს - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე საქართველოც არის მონიშნული და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ, რადიკალებმა ეს თემაც აიტაცონ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
[უკრაინის სპეცსამსახურებმა] ინტერპრეტაციის და სპეკულაციის ველი დატოვეს, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ფოტოზე, რომელიც გამოაქვეყნეს, საქართველოს ტერიტორიაც არის მონიშნული და რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რადიკალებმა ეს თემაც აიტაცონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები, სიმართლეს არ შეესაბამება.
„უკრაინის სპეცსამსახურებია, სადაც დღემდე ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებს ბატონი ლორთქიფანიძე, რომელიც გახლდათ ვანო მერაბიშვილის მოადგილე; სწორედ უკრაინის სპეცსამსახურებია, რომლებმაც დაგეგმეს და შემოაპარეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, იმისთვის რომ აქ არეულობა მოეწყოთ; სწორედ უკრაინის სპეცსამსახურებია, რომლებიც ჩვენ გვადანაშაულებდნენ, თითქოს საქართველო შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონკრეტულად სანქციების კოორდინატორები, რომლებმაც უარყვეს ეს ბრალდება და დაადასტურეს, რომ საქართველო ძალიან ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებითაც და ორი სამი კვირის წინაც მივიღეთ მადლობის წერილი ბატონი ო’ სალივანისგან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.





