შალვა პაპუაშვილი: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეშვან აქ კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია ქმნის ქსენოფობიურ ნარატივს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს, ევროკავშირს საელჩოს, რომ ისინი ჩართული არიან ქსენოფობიაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - „რაიმე მნიშვნელოვან თემაზე კრიტიკული სტატია რომ დაიწეროს, ეს ონლაინ მედიას რატომ უნდა ჩაეთვალოს დანაშაულად - რატომ გაქვთ ინტერესი, რომ თუკი ვინმე რაიმე კრიტიკას გამოხატავს არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, ყველა სამიზნედ [ამოიღოთ?]“
„თქვენი აზრით, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ტირაჟირებენ ნარატივს, რომ ხდება არაბიზაცია - ეს არ არის ქსენოფობია? ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია ქმნის ქსენოფობიურ ნარატივს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს, ევროკავშირს საელჩოს, რომ ისინი ჩართული არიან ქსენოფობიაში - იმ სენში, რომელიც ევროპამ 100 წლის წინ გადაიტანა და დღეს რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, კვლავ ქსენოფობია ევროკავშირის ფულით ტირაჟირდება საქართველოში“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილმა ამ კონტექსტში ვრცლად ისაუბრა „იმედის“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. საუბარია „იმედის“ კვირის ექსკლუზივზე, საიდანაც გაირკვა, რომ ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ მედია პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, თითქმის 18 მილიონამდე ლარი ჩაირიცხა.
„როდესაც საუბარია ამ კონკრეტულ ე.წ. ონლაინ მედიებზე, ეს არის ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებ-გვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებ-გვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით არიან ვებ-გვერდიანი ენჯეოები, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. ისინი არიან მიკროფონიანი ენჯეოები. რა განასხვავებთ „პუბლიკას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“, რა არის სხვაობა მათ შორის? არაფერი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში. ნუ იტყვიან, რომ ჟურნალისტები არიან, ვინაიდან ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას და არა ამბების შექმნას. მალავენ თავიანთ დაფინანსებას, ყველა ტელევიზია კომუნიკაციის კომისიაში ასაჯაროებს დაფინანსებას. გახსენით ნებისმიერი ამ ე.წ. ონლაინ მედიის ვებ გვერდი და ნახავთ ვინ აფინანსებს - ისინი მალავენ დამფინანსებელს, რადგან ისინი არიან ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტები, რომლებიც ემსახურებიან ბრიუსელის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას.
რადიო თავისუფლება არის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ის ბიუჯეტი და აშშ-ის დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან ეს არის პროპაგანდის იარაღი და დღეს ვინ აფინანსებს? - ევროკავშირი. ის არის ბრიუსელის პროპაგანდისტი რუპორი.
რაც შეეხება სხვადასხვა სქემებს, ვხედავთ ჩვენ, რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას, ამხელა კრიმინალური ენერგიაა ამ ყველაფერში ჩადებული, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე და სხვა სახის დანაშაულებზე. საქმე ისაა, რომ ეს დონორები უბიძგებენ ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. მათი კარნახით არ დარეგისტრირდნენ რეესტრში ენჯეოები. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეშვან აქ კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის’’ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.





