დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი, მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წერილთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე წაიკითხეს და რომელიც ბრიუსელიდან გამოგზავნილ ტექსტს იმეორებდა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ბრიუსელის ქართველი აგენტურა საქართველოში.
„ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას, რომელიც საკუთარი თვალით იხილა გუშინ სრულიად საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. უსიტყვო მორჩილება, წერტილ - მძიმის შეუცვლელად ბრიუსელიდან - საქართველოში, ადრესატი - მარიონეტები, აგენტურა, ვისთვისაც ეს არის ჩვეულებრივი დავალების შესრულება, სამსახური, რა სამსახურშიც ისინი სავარაუდოდ იღებენ ფულს და ეს სამსახური არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რადიკალიზმი, შიდა ტერორიზმი, როგორც ამას დონალდ ტრამპმა აშშ-ში უწოდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ როგორ მონურ მორჩილებაში ამყოფებენ რადიკალებს მათი პატრონები.
„ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან. ხვდებით, რამდენად არის ეს ყველაფერი ამ აგენტურულ, მარიონეტულ დაქვემდებარებაში გაწერილი, რომ წერტილი და მძიმის შეცვლასაც არ ენდობიან ბრიუსელელი პატრონები აქაურ აგენტურას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.
Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.




