თურქეთის შს მინისტრი: ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება
პოლიტიკა

ელი არლიკაია
ფოტო: Getty Images
თურქეთის შს მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნისკენ მოფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.
ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. ბატონი მინისტრი ასევე მიემგზავრება შემთხვევის ადგილზე“, - წერს ერლიკაია.
— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) November 11, 2025
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.





