ტიერი მარიანი: ბრიუსელს სურს ბელგრადისა და თბილისის მთავრობების შეცვლა, რადგან ამ ორი ქვეყნის მთავრობები საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს აყენებენ პირველ ადგილზე და ბრიუსელის ბრძანებებს პრიორიტეტს არ ანიჭებენ
პოლიტიკა

ტიერი მარიანი
ფოტო: Michel Euler / SIPA
წავიკითხე გაფართოების პროცესის შესახებ ანგარიში და ამ პროცესში შემავალი სახელმწიფოების ნუსხა. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა სასაცილოა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ფილმის სცენარს ჰგავს.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფილმის სცენარს ვკითხულობდი, თანაც ისეთის, რომლის დასასრულიც პირველივე წინადადებიდან იცი. რატომ? იმიტომ, რომ გყავს ცუდი და კარგი მხარე. ამ შემთხვევაში ვინ არის ცუდი? - საქართველო და სერბეთი, ვინაიდან ევროკავშირის მიერ სერბეთსა და საქართველოზე გაკეთებული შეფასება, თითქმის იდენტურია.
თქვეს, რომ დემოკრატია არ ვითარდება, რომ ბევრი პრობლემა აქვთო. რატომ? იმიტომ, რომ ამ ორ ქვეყანას - საქართველოსა და სერბეთს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, სურთ ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა და არ მიიღონ ბრძანებები ბრიუსელიდან. მათი შეფასება რეალურად ძალიან პროგნოზირებადია. აშკარაა, თუ რა არის ბრიუსელის - ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიზანი; მათ სურთ ბელგრადისა და თბილისის მთავრობების შეცვლა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოში მკაფიო შედეგების არჩევნები ჩატარდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ორი ქვეყნის მთავრობები საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს აყენებენ პირველ ადგილას და პრიორიტეტს არ ანიჭებენ ბრიუსელის ბრძანებებს.
ამ ორ ქვეყანაზე ევროკავშირის მოსაზრებაა, რომ ეს სახელმწიფოები არ არიან მზად გაწევრიანებისთვის. რა თქმა უნდა ეს იმიტომაა, რომ ამ ქვეყნებს დამოუკიდებელი პოლიტიკის შენარჩუნება სურთ. მეორე მხარეს კი გვყავს ასე ვთქვათ 3 კარგი სტუდენტი, უკრაინა, მოლდოვა და კოსოვო. მაგალითად, უკრაინაზე თქვეს, რომ დემოკრატიის დიდი პროგრესი აქვთ. სად ხედავენ უკრაინის დემოკრატიას? ოპოზიცია ციხეში ჰყავთ ან გახიზნული ჰყავთ. ეს სასაცილოა. მოლდოვაში რანაირად არის პროგრესი, როცა ყალბი არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მოსახლეობის ნახევარმა ხმა ვერ მისცა. ამიტომ გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი ჩემთვის გასაკვირი არ არის.
არ დაგავიწყდეთ, რომ თუ თქვენი მთავრობა ბრიუსელის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, კარგი შეფასება გექნებათ. თუკი თქვენი მთავრობა არ არის თანხვედრაში ბრიუსელის სურვილებთან, მაშინ საპირისპირო შეფასება გექნებათ და სწორედ ეს მოხდა და ამიტომ არ მაკვირვებს ეს სიტუაცია. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იყო არჩევნები, სადაც ქართულმა ოცნებამ მოიგო და ევროკომისიისა და ევროპარლამენტისთვის ეს შედეგი მიუღებელია. თუმცა რატომ, ეს ხომ ქართველი ხალხის არჩევანია?!
ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად უსამართლო. ევროკავშირს საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომლისგანაც შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური სახელმწიფოს მოსაზრება და უფრო მეტიც, განსხვავდებოდეს ხალხის არჩევანი. მაგალითად, როდესაც ევროპარლამენტში მივიღეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკვე აღარაფერს წარმოადგენს და რომლის მანდატიც ამოწურულია და ამ დროს მისი სიტყვით გამოსვლა ისე მივიღეთ, თითქოს რამე ფუნქცია ჰქონდეს, სრულიად უსამართლობაა. უსამართლობაა, როცა იმთავითვე ორმაგი სტანდარტები გვაქვს. მაგალითად, როცა ოპოზიციის უფლებებზე ვსაუბრობთ. როცა ვუყურებ ოპოზიციის სიტუაციას, მე მირჩევნია საქართველოში ვიყო ოპოზიციური ძალა, ვიდრე უკრაინაში. თუმცა უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირისთვის ყველაფერი მისაღებია. ეს ანგარიში არ არის გასაკვირი, ის უსამართლოა.
ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა მიიღოს ყველა სახელმწიფოს არჩევნები. ნახეთ რა ხდება უნგრეთისა და სლოვაკეთის შემთხვევაში. უნგრეთსა და სლოვაკეთს ჰყავთ კანონიერად არჩეული მთავრობები, თუმცა უარს აცხადებენ ბრიუსელიდან ისეთი ბრძანებების მიღებაზე, როგორსაც წარსულში მოსკოვიდან იღებდნენ. მათ ბევრი პრობლემა აქვთ ევროკომისიასთან. მე ვემხრობი ევროკავშირის არსებობას, თუმცა ახლა საკითხავია, დღევანდელი ევროკავშირი არის თუ არა ისეთი, როგორზეც მისი დამფუძნებლები ოცნებობდნენ?! ოცნება იყო თანამშრომლობა, სახელმწიფოთა პატივისცემით და არა სახელმწიფოებისთვის განკარგულებების მიცემით. მე ძალიან მეშინია ამ ევროკავშირის ევოლუციის. ეს დემოკრატიული გაერთიანება კი არაა, არამედ შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგივე ხდება, რაც 50-60-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში ხდებოდა“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.





