ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს, რომელიც ორი დღეა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის სქემაში მონაწილეობს და სიცრუეს ავრცელებს, არც დიპლომი აქვს და არც იურიდიული განათლება - რას წერდნენ ცნობილი გამოცემები ალავიძის განათლებაზე
პოლიტიკა

ბესარიონ ალავიძე
ფოტო: არქივი
ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს, რომელიც უკვე ორი დღეა, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის სქემაშია ჩართული, არც უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი აქვს და არც იურიდიული განათლება. ამ საკითხზე წლების წინ ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი საუბრობდა.
ალავიძეს ოპოზიცია მეორე დღეა, ამეორებინებს ძველ ისტორიას, რომელსაც ოპოზიციის კონტროლირებადი მედიები აქტიურად აშუქებენ. საუბარია 2022 წლით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ყოფილი მოსამართლე ზეწოლის ფაქტებზე და „სასამართლო კლანზე“ საუბრობს.
ბესარიონ ალავიძე სკანდალში ჯერ კიდევ 2013 წელს გაეხვა, როდესაც მისი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დადგა.
ალავიძის შესახებ სკანდალი ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის მიერ მოსამართლის დიპლომის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდება - ადვოკატი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს იურიდიული განათლება მიღებული არ ჰქონდა. „გურია ნიუსმა“ მაშინ მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლიც მოიპოვა, რომლის მიხედვითაც მას იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი არ მინიჭებია. სწორედ ამ გარემოების საფუძველზე, ადვოკატი ალადაშვილი მიიჩნევდა, რომ მოსამართლე ალავიძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ბათილობას ექვემდებარება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივანი, ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებდა, რომ მაშინ მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას „განსხვავებული გემოვნებით“ ხსნიდა.
აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოს, მაშინდელი მთავარი პროკურატურიდანაც უპასუხეს. საგამოძიებო უწყება 2013 წელს აცხადებდა: „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს გააჩნია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.“
„გურია ნიუსმა“, 2013 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან სანადირაძის კომენტარიც შესთავაზა მკითხველს, რომელიც აცხადებდა: „სამწლიანი პროფესიული განათლება არც ერთ შემთხვევაში არ არის უმაღლესი განათლება, უბრალოდ იმ მოწმობას სახელად დაარქვეს დიპლომი. თუ კი დიპლომში წერია სიტყვა - „სპეციალობით“ და არ წერია - „მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი“, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ საუბარი არ არის უმაღლეს განათლებაზე.“
უდიპლომო მოსამართლის შესახებ, „გურია ნიუსზე“ დაყრდნობით, Ambebi.ge 2015 წელსაც წერდა. გამოცემის ცნობით, ალავიძეს „2011-2014 წლებში, 283 819 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 123 852 ლარი პრემიის სახით მისცეს.“





