ირმა ებრალიძე
მცხეთაში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა
პოლიტიკა

დემოგრაფიულ ფორუმზე იმ ვითარებაზე იმსჯელეს, რაც დემოგრაფიის მხრივ საქართველოში არსებობს. ფორუმი მცხეთის კულტურის სახლში, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შედის და ქვეყანამ მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომ ის შედეგი არ მივიღოთ რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდი პროგნოზირებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება, აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, ხოლო სომხეთის მოსახლეობა კი 7%-ით.
მცხეთაში დაწყებული დემოგრაფიული ფორუმი 19 დეკემბრამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. 19 დეკემბერს ფორუმს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს და ბოლოს, ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვევიან.





