თურქული პრესა თბილისში ჩატაევის მოკვლის შესახებ წერს
პოლიტიკა

აჰმედ ჩატაევი
"საქართველოს პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს ფრთის ჩეჩენი ლიდერი აჰმედ ჩატაევი მოკლა, რომელიც 2016 წელს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სამმაგი აფეთქება მოაწყო". ამის შესახებ თურქული მედია წერს.
Habertürk daily-ს ცნობით, საქართველოს პოლიციამ 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა და ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა.
პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა იმ სახლშ შემოარტყეს ალყა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
თურქული მედიის ცნობით, ჩატაევი ერთ-ერთ ეჭვმიტანილია აეროპორტზე თავდასხმაში, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც სააგენტო წერს, ჩატაევმა საქართველოს საზღვარი სავარაუდოდ, უკანონოდ გადაკვეთა.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ლიკვიდირებულების ვინაობა უცნობია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა,
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო.
"კავკასიის იმირათის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის თანამებრძოლის, აჰმედ ჩატაევის საქართველოსთან კავშირი ბოლო წლებში 2010 წლიდან ფიქსირდება. ამ წლის იანვარში ის უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი მის ექსტრადირებას ითხოვდა, მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით ეს არ მოხდა. ჩატაევს ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა, რამაც უშველა.
2010 წლის მარტში, უკრაინამ ჩატაევის დეპორტაცია საქართველოში განახორციელა. ჩატაევს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა, ოღონდ რა მიზნით, ამაზე მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ლაპარაკობდნენ. 2010 წლიდან ის პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.
ჩატაევი საქართველოში 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის იყო მომლაპარაკებელი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას ლაფანყურის ტყეში მოკლეს და რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. ამ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ პოლიციელებიც.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკარგა მან მარცხენა ფეხი, ხოლო 2000 წელს მეორე ჩეჩნური ომის დროს - მარჯვენა ხელი.
ჩატაევს პროკურატურა სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით ედავებოდა, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 2012 წლის 6 დეკემბერს, აჰმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა. მის გათავისუფლებას აქტიურად მოითხოვდნენ უფლებადამცველები. იმავდროულად, ჩატაევის გადაცემას კვლავ ითხოვდა რუსეთის პროკურატურა, რომელსაც მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
2012 წლის დეკემბერში პატიმრობიდან გათავისუფლებული აჰმედ ჩატაევი ქართველ ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ მუდმივად ავსტრიაში ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით, სადაც პატარა მაღაზია ჰქონდა და ამ მაღაზიაში ვაჭრობით იყო დაკავებული, საქართველოში კი 3 თვეში ერთხელ, ცოლ-შვილის სანახავად რეგულარულად ჩამოდიოდა.
2013 წლის იანვარში ჩატაევის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. მან საქართველო დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ის სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძოდა.





