პრემიერი: საფრთხე განეიტრალებულია და ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერმინისტრმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილმა მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო სპეცოპერაციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, სპეკულიაცებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის საფრთხე განეიტრალებულია და ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხოა.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეეხება ბინას, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა -რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია ღამით დაიწყო.





