ვასილ დაბრუნდაშვილი
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი უწყებაში დიდ ცვლილებებს არ გეგმავს
პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ თავად ბახტაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ.
„ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი განახორციელა. ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის , ასევე მომავალი ხარჯები შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი მთავარი ორიენტირი იქნება-ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. განსაკუთრებულ პრიორიტეტს მივანიჭებთ საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას. არცერთი რეფორმა არ გატარდება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე“, - განაცხადა ბახტაძემ.
განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველის რკინიგზას ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ცნობით, პრემიერი მამუკა ბახტაძის დანიშვნის ბრძანებას ერთ საათში მოაწერს ხელს.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, მათი გუნდის წევრებად ისევ რჩებიან.
სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში.





