ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში. რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში - რეალურად ამის გამოა, რომ ვერვინ შემოდის საჯარო დებატებში
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში. რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამტრედიაში განუცხადა, სადაც იუსტიციის სახლი გახსნა.
მან საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონზე კომენტარი გააკეთა.
„ამას უკავშირდება ის, რომ ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას. არგუმენტები ჩვენ მხარეს არის უამრავი. მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა. არგუმენტია თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი. რეალურად ამის გამო, უბრალოდ ვერვინ შემოდის საჯარო დებატებში ამ კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გრძელდება უსაგნო, მაგრამ მაინც უხეში კრიტიკა ამ კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
138 ხმით 10-ის წინააღმდეგ - საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის. კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში, რომელსაც მართავს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია უცხოური ჩარევის სხვადასხვა რისკი და მათგან თავის არიდების გზები. კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.





