ნდობის ჯგუფის წევრთა რაოდენობა სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლისთვის იქმნება.
5-წევრიანი ჯგუფის ერთ წევრს უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა უმეტესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
ამ კვოტით 6-დეპუტატიანმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებმა" ჯგუფში ირმა ინაშვილი წარადგინა. მაშინ უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ 7 დეპუტატი იყო - პატრიოტები და სალომე ზურაბიშვილი.
ნაციონალების გაყოფის შემდეგ კი, უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ აღმოჩნდა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაც", 6 დეპუტატით, რაც ინაშვილის ჯგუფში შესვლას შეუძლებელს ხდის, რადგან ხმები იყოფა (6-6).
გადამწყვეტი ზურაბიშვილის პოზიციაა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განმარტებით, უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატები საერთო კანდიდატზე თუ ვერ შეთანხმდებიან, ჯგუფში მე-5 წევრი არ იქნება.
ახლა უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ 13 დეპუტატია: პატრიოტების 6, ნაციონალების 6 და დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბიშვილი.
"კანონში ხარვეზია და უნდა გამოვასწოროთ", - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
"პოლიტიკურ ჯგუფს და დეპუტატს, რომელსაც არცთუ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს ქვეყნის მთავარ საფრთხესთან, რუსეთთან, არ უნდა ჰქონდეს ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში ყოფნისა და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის უფლება. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ჯგუფში საკუთარ წევრს აუცილებლად წარადგენს", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.





