სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“, - ნათქვამია პრესრელიზში.
„ქრონიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. შესაბამისად, პრეზიდენტი პარიზში კვლავ უნებართვოდ გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტებით ქვეყნის უზენაესი კანონი დაირღვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. პრეზიდენტი რომ პარიზში მიემგზავრებოდა, ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი საშუალება იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.
როგორც ცნობილია ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა.




