პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარადგენს
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა, თუმცა ჯერ უცნობია გაიმართება თუ არა კონსულტაციები.
თუ მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდებიან, საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი და შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტთან შეხვედრა", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის მარგველაშვილს თავადაც შეხვედეს.
მმართველი გუნდის შეთავაზების განსახილვევად გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დღეს შეხვდება. შეხვედრა 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ის მხოლოდ მათსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უნდა გაიმართოს.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება - წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რეაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციებს გუშინ შესთავაზა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.





