კობახიძე პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას კონსტიტუციის მხოლოდ ორ ნაწილზე ურჩევს
პოლიტიკა

პარლამენტის მიერ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას ამოქმედებისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. დაადებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს, ჯერჯერობით უცნობია.
უმრავლესობა პრეზიდენტს ვეტოს მხოლოდ ორ ნაწილზე დადებას ურჩევს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას შეეხება.
"იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ თუ პრეზიდენტი მისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, უმრავლესობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას აფასებს და ამბობს, რომ „დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო“. მისი თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.





