ხათუნა მაისურაძე
ნატო ჩხეიძე: კონსტიტუციის პროექტისთვის მხარი არ დამიჭერია, ტექნიკური შეცდომა მოხდა
პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს. კონსტიტუციის პროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველო" დატოვეს, ხოლო მესამე ოპოზიციური პარტია "პატრიოტთა ალიანსი" დარჩა სხდომაზე.
კონსტიტუციის პროექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობიდან ირკვევა, რომ ერთმა ოპოზიციონერმა მას მხარი დაუჭირა და ეს პატრიოტებიდან ნატა ჩხეიძე იყო. თუმცა ჩხეიძე აცხადებს, რომ ხმის მიცემის დროს სისტემური შეცდომა მოხდა.
"სხდომაზე ყოფილა 117 დეპუტატი და ამდენივე დეპუტატმა მისცა ხმა კონსტიტუციის პრექტს, მაშინ როდესაც მე ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა მივეცით წინააღმდეგ ხმა. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ მივეცით წინააღმდეგ ხმა, მაგრამ რატომღაც დაფიქსირდა სხვანაირად.
ჩვენ წინააღნდეგ გამოვდიოდით ამ კონსტიტუციის და მხარს რატომ დავუჭერდით. ეს იყო ტექნიკური შეცდომა. რაც იშვიათად არა, მაგრამ ხდება ხოლმე", - განმარტა ნატო ჩხეიძემ.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 1 საათის წინ მიიღო.
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა დღეს 14:01 საათზე დაიწყო. სხდომის მიმდინარეობისას პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობიდან "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას "ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების გამო აკრიტიკებენ".
დაადებს თუ არა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს, ჯერჯერობით უცნობია.





