სოფიკო ბერიძე
ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პოლიტიკა

პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი, "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარბაზის დატოვებამდე ერთმანეთს სიტყვიერად გიორგი ვოლსკი და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. დარბაზიდან გასვლის წინ, თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისკენ გაემართა და მას სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც მანდატურებმა ბოკუჩავა დარბაზიდან გააცილეს.
პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დღეს საბოლოოდ უნდა გააფორმოს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში.
"ყველას ნების წინააღმდეგ სახელმწიფოს თავზე მოახვიეს დოკუმენტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" სურდა და ჩვენს ქვეყანას აზიანებს. ნაცვლად იმისა, რომ მათ ეზრუნათ დაპირებების შესრულებაზე, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ტყუილს ძალიან დიდი ტყუილი დაუმატა, რადგან აიღეს და მიიღეს ფუნდამენტური დოკუმენტი საკუთარი პარტიული ინტერესებით. ეს მხოლოდ მათ სისუსტესსა და კრიზისზე მეტყველებს და "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ვერანაირი კონსტიტუციით ვერ შეინარჩუნებს. "ქართული ოცნების" გარდა, სამწუხაროდ, ამ ჩავარდნის ფასს ჩვენი ქვეყანა გადაიხდის, რადგან უკან ძალიან ცუდი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" არადეპუტატ წევრებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. სხდომათა დარბაზთან მისულ ოპოზიციონერებს მანდატურის სამსახურის უფროსმა განუმარტა, რომ დარბაზში სტუმრებისთვის გამოყოფილი ადგილები დაკავებულია.
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს, უკვე გაიხსნა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.





