პრემიერი: კონსტიტუციის პროექტი საერთო სახალხო განხილვებითა და ჩართულობით შემუშავდა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, დღეს "საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა".
"პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - საქართველოს კონსტიტუციას. მინდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი უპრეცედენტო, საერთო სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს ერთი პარტიის დოკუმენტია, რაც სავსებით არ არის ასე. ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. და ასეთი პროცესი, თავისთავად, იყო უპრეცედენტო, იმიტომ რომ ჩვენ მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდის, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსენსუსის ნაკლებობისა თუ უქონლობის გამო, როდესაც კონსტიტუციების მიღებისას საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული როგორც "დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, მაინც ჩატარდება.
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 26 სექტემბრის 14:00 საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დეპუტატებს 14:01 საათზე შეუძლიათ სხდომა დაიწყონ.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.





