ილია დარჩიაშვილი: აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ცალსახაა და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ცალსახაა და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის შეერთებული შტატები არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.
„შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძლიერად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური, ორმხრივი ურთიერთობები. არაერთხელ მოგვისმენია და დღესაც ვისმენთ აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ამის შესახებ თავად აშშ-ის ოფიციალური პირები საჯარო გამოსვლებში საუბრობენ.
აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ცალსახაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება. ჩვენ, ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო ორმხრივ, დინამიურ ურთიერთობებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





