www.imedi.ge
ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანა სუდანიდან
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი
ფოტო: არქივი
ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამისთვის ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვინც ადგილზე, სუდანში არიან წარმოდგენილი, სხვადასხვა პარტნიორებთან, ვისი მოქალაქეებიც ასევე იქ არიან და მოცემულ მომენტში ვერ ახერხებენ კონკრეტულ თარიღებში ქვეყნიდან გამოსვლას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა ერთი მხრივ იდენტიფიცირება მოვახდინოთ მათი საჭიროებების, თუმცა, ძალიან შეზღუდული ვართ ჩვენს ნაბიჯებში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილზე მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, ოთხი დღის წინ დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.
როდის შეძლებენ სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას, კონკრეტული დრო უცნობია. სუდანში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.





