პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს ბლოკები ერთჯერადად დარჩება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება
კონსულტაციების საფუძველზე. მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:
ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე."- ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
მთავარი კომპრომისი, რაზეც მმართველი პარტია ვენეციის კომისიის რეკომედაციით წავიდა, საარჩევნო სისტემაში ბონუსების განსაზღვრაა. ოცნება გაუნაწილებელ მანდატებზე ზედა ზღვარს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუს ხმების მიღების შემთხვევაში მანდატების რიცხვი 89-ს არ უნდა აღემატებოდეს.
შემოდის ქვედა ზღვარიც, თუ გამარჯვებული პატრია 75 ხმას ან კიდევ უფრო ნაკლებს მიიღებს ბონუსი აზრს კარგავს და გაუნაწილებელი მანდატები ბარიერ-გადალახულ პარტიებს პროპორციულად ერგებათ. წესდება ფარდობითი ზღვარი, გამარჯვებული პარტია ბონუსით, იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე დააგროვებს. ამ დათმობის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც კრიტიკულია. მათ გადაუნაწილებელ მანდატებზე ზღვარის დაწესება არ მოსწონთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბონუს სისტემა უსამართლოა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.





