კახა კალაძე: ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად
პოლიტიკა

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook „ლაივში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირიდან ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს, შეურაცხმყოფელია.
„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრებზე, პარტნიორობაზე, არც კი ვიცი რა დავარქვა ასეთ განცხადებებს. ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი სამშობლო გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რასაც ვისმენთ მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღებას რომ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია. მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას?! ამ გეგმის შესასრულებლად ვაკეთებთ ყველაფერს და ის ზედმიწევნით იქნება შესრულებული ჩვენი მხრიდან. ამაში რა თქმა უნდა, ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა, მაგრამ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, მომავლის გაძლიერება, მშვიდობა ქვეყანაში. მათი ერთადერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ყველანაირი გზით“,- განაცხადა კალაძემ.





