ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის სამუშაო ვერსიაში გაჩნდა ანა ფოტიგასა და რამდენიმე ევროპარლამენტარის ინიციატივა - შეიცვალოს მერვე პუნქტის თავდაპირველი შინაარსი და ჩაიწეროს ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
კუბილიუსი და იუკნევიჩიენე მოითხოვენ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში შევიდეს შესწორება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები ბიძინა ივანიშვილის კრემლთან კავშირების გამო არ დაუწესა.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ასევე გაჩნდა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივა, რომ 107-ე შესწორებაში შეიცვალოს მერვე პუნქტის თავდაპირველი შინაარსი და იქ, სადაც წერია, რომ საქართველომ გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაცია და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აღმოიფხვრას კერძო, მათ შორის ოლიგარქების განსაკუთრებული ინტერესების გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ანა ფოტიგასა და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარის ინიციატივაა მოხდეს დაკონკრეტება და ჩაიწეროს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში.
ასევე დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში 112-ე შესწორებაში, რომლის ინიციატორებიც ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე არიან, ევროპელი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილზე ისევ წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები, კრემლთან მისი კავშირების გამო არ დაუწესა.
სიუჟეტის თანახმად, შესწორებაში ნათქვამია - „ კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის თამაშობს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ასევე, კონტროლის იმ დონის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებაზე და მის გადაწყვეტილებებზე. მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის ღია პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან მიმართებაში. მოვუწოდებთ საბჭოსა და პარტნიორებს პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებაში მისი როლის გამო დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს“.
„არადა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საქართველო შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას და არ უერთდება მხოლოდ იმ სანქციებს, რომლებიც აზარალებს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და არა მრავალმილიარდიან რუსულ ბაზარს“, - ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში.
დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა.





