ირაკლი რუხაძე: რა თქმა უნდა ევროპისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჩვენი გზით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიაროთ ამ გზაზე და არა სხვისი ინტერესებით
პოლიტიკა

ფუნდამენტურად, რა თქმა უნდა ევროპისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჩვენი გზით და უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის ეს გზა. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიაროთ ამ გზაზე და არა სხვისი ინტერესებით, - ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის თქმით, ამ საკითხზე დიალოგია საჭირო, თუმცა საზოგადოების გახლეჩილობის გამო ეს ვერ ხერხდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს თავს ვხედავთ ევროპაში, მაგრამ კარგად უნდა ვიფიქროთ, ამაზეც გახსნილები უნდა ვიყოთ. მე არ მომწონს, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ხდება. გინდა ევროპა, მაგრამ ევრო გვინდა? ბევრი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც თავისი ფული აქვს. ევროპა არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა, ყველა ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერი გვინდა ჩვენ. ეს არის უბრალოდ სიგიჟე. ჩვენი ევროპა რა არის? ამაზე უნდა ვფიქრობდეთ, ამაზე უნდა ვკამათობდეთ. აბა მიდი და იკამათე.
გააკრიტიკებ რაღაცაზე, იმ წუთში მიგაწებებენ იარლიყს, რომ ხარ რუსეთუმე, ან უარესი, „კაგებეს“ აგენტი და ეს ლაპარაკები კვდება. ვდგავართ და ვყვირით: „გვინდა ევროპა“, „გვინდა ნატო“, „გვინდა ეს“, „გვინდა ის“ და რეალურად რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, ამაზე დიალოგი არ მიდის და ეს არის ძალიან ცუდი. თორემ, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად, იმ მიმართულებზე ვდგავართ. რა თქმა უნდა, მათზე უნდა გავსწორდეთ, მაგრამ ზუსტად რაზე ვსწორდებით, რას ა დავკარგავთ, როგორც ქართველები, რას შევინარჩუნებთ,მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს იქ ვიღაცას არ მოსწონდეს და რას მივიღებთ, ამაზე სულ უნდა ვლაპარაკობდეთ, ღიად უნდა ვკამათობდეთ, ვჩხუბობდეთ. როგორ მივდივართ იმ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ატლანტიკური ალიანსისკენ?
ამერიკა რა არის ჩვენთვის? როგორი ურთიერთობა გვინდა, რომ გვქონდეს ამერიკასთან? რუსეთთან? ამაზე ღიად უნდა ვლაპარაკობდეთ და ამასაც ხელს უშლის „ნაციონალური მოძრაობა“. გახლეჩა და შიში არის ჩვენთან, რომ ოღონდ ისინი არ მოვიდნენ და ან ასე უნდა ილაპარაკო და ან ისე. ჩვენ თუ ეს გახლეჩილი საზოგადოება ვერ გავამთლიანებთ, უმარტივეს პრობლემებს ვერ გადავჭრით. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. სიღარიბიდან ვერ გამოვალთ ასეთი გახლეჩილობით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სიღარიბიდან გამოვიდეთ. ამას სჭირდება დიალოგი, რისკზე წასვლა. რისკზე წასვლის გარეშე სიღარიბიდან არავინ გამოსულა. და ჩვენ რისკზე ვერ მივდივართ, იმიტომ რომ გვეშინია, ის არ დაბრუნდეს. ის რომ ჩვენ სხვა დონეზე ვართ, სხვა კულტურული ზურგით მოვდივართ, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის დაკარგვა არ შეიძლება. რაღაც ჩვენი გვაქვს და რატომ უნდა დავკარგოთ? რატომ უნდა დავკარგოთ სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის, უფროსის პატივისცემა? ამაზეც დიალოგი გვჭირდება. მაგრამ ამ გახლეჩილობის გამო ეს არ გამოდის“, - განაცხადა რუხაძემ.




