ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციამ კატასტროფულად წააგო არჩევნები - ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება“, ჩვენ კი თითქმის 47% ავიღეთ
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
როგორ ილუზიებშიც აცხოვრებდა ოპოზიცია მოსახლეობას, ასეთ ილუზიებში არიან ახლაც. მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები. ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება“, ჩვენ კი თითქმის 47% ავიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ, დავრაზმოთ მთელი მოსახლეობა და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები ყველგან, რათა სალაპარაკო არ მივცეთ ამ დესტრუქციულ ოპოზიციას. არჩევნების დღეს არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, რათა ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. 3 წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში. მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ 12%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ. 1 მილიონი მოქალაქე დავარწმუნეთ და ავცერით, 2 მილიონი აცრაა გაკეთებული ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, რათა ეკონომიკას მივხედოთ და ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ. როგორ ილუზიებშიც აცხოვრებდა ოპოზიცია მოსახლეობას, ასეთ ილუზიებში არიან ახლაც. მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები. ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება“, ჩვენ კი თითქმის 47% ავიღეთ. ამას დაემატა შიდა ღალატი და ბევრი სხვა ფაქტორი, რომელმაც ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 47%-მა გამოგვიცხადა უპირობო მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. როგორც აგვისტოს ომის დროს აზეიმეს მოსახლეობას და „მიშა, მიშა“ აძახებინეს, ასეთ პირობებში არიან ახლაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





