ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის
პოლიტიკა

ფოტო: Imedi.ge
წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის ბრალდებების ახალი მიზეზი გახდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს. ბანერების წარმომავლობასა და კანონიერებას ცესკო კანონით დადგენილ, 10-დღიან ვადაში შეისწავლის.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე, კომისიამ ორი საჩივარი მიიღო - ერთის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მეორის კი - პოლიტიკური პარტიაა. მისივე თქმით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.
ბანერების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. ოპოზიცია ამ ბანერების უკან „ქართული ოცნების“ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ურჩევს, „ქართული ოცნების“ განცხადებებსა და სოციალურ გვერდებს გაეცნონ, სადაც, მათივე ინფორმაციით, სიძულვილის ენა არსად იკვეთება.





