ჯანდიერი: სააკაშვილს შეუძლია უკრაინას პირადობის სერტიფიკატი მოსთხოვოს
პოლიტიკა

დავით ჯანდიერი
იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება და ამაზე განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას სააგენტო ipn.ge ავრცელებს. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მილიონ ადამიანს არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და ასეთი პირები იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, სადაც ისინი ცხოვრობენ. „ის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაობა, ეს ნიშნავს, რომ ის არ იმყოფება არცერთი ქვეყნის მფარველობის ქვეშ“, - აცხადებს ჯანდიერი.
ამასთან, იურისტი მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღების ვარიანტებზე საუბრობს. „აპატრიდი პირი ანუ პირი, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა, მიმართავს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც ის ცხოვრობს იმისათვის, რომ პირადობის სერტიფიკატი მიიღოს, რაც მას სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს. მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი ქვეყანა არის უკრაინა, სადაც ის ცხოვრობს. აპატრიდი პირების სტატუსის შესახებ გაერო-ს კონვენცია 1954 წელს მიიღეს. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს უფლება მიმართოს ნებისმიერ ქვეყანას, თუ ის აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს და მოითხოვოს მოქალაქობა. ასევე შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი“, - განაცხადა ჯანდიერმა.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე პოროშენკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს და დაბრუნდება კიდეც.
დღეს, კიევში, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" აქციას გამართავს.





