გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს ლარისა პეტასიუკსა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს მარიანა ოლესკივს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უკრაინა ტრადიციულად წამყვან პოზიციაზეა საქართველოს ტოპ 10 სტრატეგიულ მიმართულებას შორის - 2019 წელს ის მეექვსე იყო იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ასევე ითქვა, რომ 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში - 37,763 ვიზიტორი ესტუმრა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის სამუშაო ქვეჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც სამთავრობო დონეზე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მხარეთა დაახლოებას და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





