ვეტოდადებულ კანონპროექტებში ერთი საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ეხება
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტს დაადო, მათ შორისაა კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. წერს სააგენტო ipn.ge.
პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო, ერთი მხრივ, შედგება პროპორცული წესით და თითოეული თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისაგან. ამასთან, იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 0000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ორი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით სამი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ოთხი წევრი აირჩევა, ხოლო იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული წესით აირჩევა ხუთი წევრი.
”შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შემდეგ, მათი შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტში თემის შემადგენლობაში შემავალი ადმინისტრაციული ცენტრიდან 1, 2, 3, 4 ან თუნდაც 5 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა არ უზრუნველყოფს სამართლიან წარმომადგენლობას და კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას აჩენს ხმათა თანაბარწონადობის საკითხთან მიმართებაში”, - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს დღეს გადაეგზავნა.
პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.





