ზურაბ პატარაძემ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლა
პოლიტიკა

პატარაძის და პოროშენკოს შეხვედრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში მე-6 ადგილზეა.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზარდია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში უკრაინის კულტურის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის 2017-2020 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელმოწერა. 2018 წელს კი უკრაინაში საქართველოს კულტურის დღეების გამართვაა დაგეგმილი.
17 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია. პეტრო პოროშენკო თბილისში ოჯახთან, სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ბათუმიდან კიევში გაემგზავრება.





