ოპოზიციასთან შეხვედრის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაცია ხვალ გაიმართება
პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაცია ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
"ოპოზიციასთან დისკუსიითვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ოპოზიციური პარტიები საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვებზე თუ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე. ზოგმა კომისიის შემადგენლობა დემარშით დატოვა, ზოგმა მონაწილეობა მიიღო სახალხო განხილვებში. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას ოპოზიციასთან რაიმე აკლია, გარდა იმისა, რომ ბევრ საკითხთა დაკავშირებით საერთო აზრთან ვერ მივდივართ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ამბასადორიალი 2017"-ის დაწყებამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს მცირე ხნით შეხვდნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება", საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობია. 16 ივლისს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა.
რამდენიმე დღის წინ, 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამეტო ფლანგიდან, ხელისუფლებას ერთიანი მიმართვა გაუგზავნა. ინტერპარტიულ ფორმატში პარტიები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ხელისუფლება 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დაამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.





