გენგეგმის თანახმად, მტკვარზე შესაძლოა წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს
პოლიტიკა

თბილისში, მდინარე მტკვარზე შესაძლოა წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში წერია, რომელიც ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საკითხსაც მოიცავს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
"მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი სიგრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით", - წერია კონცეფციაში.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში საჰაერო ტრანსპორტის შესახებაც წერია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.
"თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, განსაკუთრებით ასაფრენი ბილიკის ბოლოებსა და მის სამხრეთ ნაწილში. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად", - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, შესაძლოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს.





