ირაკლი კორძაია: მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს
პოლიტიკა

ირაკლი კორძაია
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს.
"სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დამიდასტურა. მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია. ვთქვი, რატომ ვებრძვით ვანო მერაბიშვილს მისივე მეთოდებით. თუ არ მოგვწონდა მისი მუშაობა, რატომ ვიმეორებთ. შემსრულებლები მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი დიმიტრი დარბაისელი იყვნენ. ჯილდო პრემია იყო. გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერც დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს მინიმუმ მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული, ასევე - მის გარემოცვასთან, ჯანყარაშვილითან, ზედელაშვილთან. შემუშავდა საერთო მესიჯბოქსი, რომელიც გაეგზავნა გუნდს. ჩანაწერები 24 საათის შემდეგ არ იშლებოდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. აქამდე ვდუმდი, რადგან სოზარ სუბართან პირად ურთიერთობებს ანგარიშს ვუწევდი. ახლა ვხედავ, ქვეყანას საით მიაქანებენ", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
ირაკლი კორძაიამ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა.
ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის საკნიდან ირაკლი ფარცხალაძესთან შესახვედრად გაიყვანეს, რომელმაც შეკითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2016 წლის 14 ივნისს მიიღო - "წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. 2017 წლის თებერვალში გამოძიება შეწყდა, რადგან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა.
მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილი საკნიდან სავარაუდოდ გაიყვანეს. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ უნდა მიიღოს.




